სასამართლომ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის და სტრატეგიული ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობის ბრალდებით დაკავებულ რამდენიმე პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა

ოქტ 9, 2025 - 04:15
 45
სასამართლომ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის და სტრატეგიული ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობის ბრალდებით დაკავებულ რამდენიმე პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის და სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობის ბრალდებით დაკავებულ პირებს, დავით სტურუას, აბო ნავერიანს, ევა შაშიაშვილს და თორნიკე მჭედლიშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

აღნიშნული შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა, დაცვის მხარე კი დაკავებულების 6 000-6 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.

მოსამართლემ ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

მანამდე, ადვოკატებმა მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენეს. მათი განცხადებით, მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა გუშინ განიხილა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ბრალდებით დაკავებულთა საქმე.

მოსამართლემ განმარტა, რომ აცილების საფუძვლებს ვერ ხედავს.

ერთ-ერთმა ბრალდებულმა, თორნიკე მჭედლიშვილმა აღნიშნა, რომ ის მხოლოდ ადამიანების დახმარებას ცდილობდა.

„ჩემი ინტერესი და იდეა არ იყო იქ რაიმეს დარბევა, ძალადობა, ჩემი თითოეული მოქმედება იყო განზრახული ადამიანების დასახმარებლად, როგორც აქტივისტების, ისე სამართალდამცველების. როცა დავეხმარე აქტივისტებს, რამდენიმე წუთში დავეხმარე სამართალდამცველს და მივიყვანე სასწრაფოსთან“, – აღნიშნა თორნიკე მჭედლიშვილმა.

პროკურორ თამარ ბეჟუაშვილის თქმით კი, სწორედ თორნიკე მჭედლიშვილი არის ის პირი, ვინც გარკვეულ საგანს უმოწყალოდ ურტყამს სამართალდამცველებს.

„ეს მასალა არის საქმეში და ნახავს სასამართლო, ის უმოწყალოდ ურტყამდა ამ საგანს. ვერ დავაკონკრეტებ, რა საგანია. თორნიკე მჭედლიშვილი არის ის პირი და კადრებით დასტურდება, რომ მან დააზიანა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ჯებირი“, – განაცხადა პროკურორმა.

არცერთი მათგანი წარდგენილ ბრალში თავს დამნაშავედ არ ცნობს.

4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით 6 ოქტომბერს 13 პირი დააკავეს. მათი პროცესები საქალაქო სასამართლოში დღის განმავლობაში გაიმართება. წარდგენილი ბრალი 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.